ვენესუელა

ხუან გუაიდო ვენესუელის პარლამენტში არ შეუშვეს, ახალ სპიკერად ყოფილი ოპოზიციონერი დაინიშნა

ხუან გუაიდო
Reuters

ნიკოლას მადუროს დაქვემდებარებაში მყოფმა უშიშროების ძალებმა ქვეყნის პარლამენტის შენობა აიღეს და ხუან გუაიდოს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს ახალ სპიკერად გუაიდოს ნაცვლად ლუის პარრა დანიშნეს. გუაიდოს მოკავშირეებმა მომხდარს საპარლამენტო გადატრიალება უწოდეს.

მიმდინარე კვირას ოპოზიციის ლიდერებს გუაიდო, რომელიც 50-ზე მეტმა ქვეყანამ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნო, მეორე ვადით უნდა აერჩიათ სპიკერად. რაც შეეხება ლუის პარრას, ის ოპოზიციური პარტიიდან გასულ თვეს კორფციის ბრალდების გამო გარიცხეს. ამის შემდეგ ის გუაიდოს მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მადუროს მიერ დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფას და პარლამენტის კონტროლისათვის ძალისა და დანიშნების გამოყენებას მას შემდეგ, რაც მისმა სოციალისტურმა პარტიამ 2015 წელს საპარლამენტო არჩევნები წააგო.

მას შემდეგ, რაც შენობაში შეღწევა ვერ შეძლო, გუაიდომ ახალი კონგრესი არალეგალურად გამოაცხადა და თქვა, რომ სესიებს სხვაგან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას როგორც ეროვნული ასამბლეის თამჯდომარეს უნდა დაეკავებინა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები