დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეზე: პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას

0 კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა, თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ როცა საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, "პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას".

აღსანიშნავია, რომ გიორგი მამალაძეს გამოძიება არა ილია მეორეს, არამედ მისი მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება.

"ჩემი, როგორც პირადი, ისე როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისა, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინების და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში - ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქათველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა, სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა.

​ამასთან, მან აღნიშნა, რომ დეკანოზის არ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებრივ სიმშვიდესაც ეფუძნება, რადგან მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი "დანაშაული ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს".

"ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება, საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგის დასაწყისში თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება.

"მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამ, მით უმეტეს მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს, პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილებების პროცესს. ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას მოითხოვს.

თუმცა მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას.

ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ქართული სახელმწიფო ეკლესიისგან განუყოფელია და მასზე შეტევა სახელმწიფოებრიობის შესუსტებას ნიშნავს.

"შემდეგი არგუმენტი ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას ეფუძნება. ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფობრიობის შესუსტებას, ამდენად, მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია", - თქვა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა მოიყვანა რომის პაპის მაგალითი და თქვა, რომ იოანე პავლე მეორემ მასზე თავდამსხმელს მალევე აპატია, თუმცა ის მხოლოდ 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

"ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა. ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან, ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას.

მსოფლიო მაგალითებიც კარგად გვიჩვენებს ამ განსხვავებას. იონა პავლე მეორემ მასზე თავდამსხმელს სულ რამდენიმე თვეში აპატია დანაშაული, თუმცა იგი ციხიდან პრეზიდენტის შეწყალებით, მხოლოდ 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები