დეკანოზ მამალაძის საქმე

თორნიკე მამალაძე: პატრიარქის დანაშაულებების მტკიცებულება გვაქვს, ყველაფერს ნათელს მოვფენთ

ე.წ ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მას პატრიარქის დანაშაულებების მტკიცებულებები აქვს და ყველაფრის გასაჯაროვებას აპირებს. მამალაძის თქმით, უშუალოდ პატრიარქის გადაწყვეტილებაა, რომ დეკანოზი პრეზიდენტმა არ შეიწყალა.

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ პატრიარქს "აქვს დანაშაულებები პირადად დეკანოზის მიმართ" და მისი ეშინია, რადგან გიორგი მამალაძეს "ბევრი აქვს სათქმელი" და ის გათავისუფლების შემთხვევაში ამაზე საუბარს აპირებდა. მამალაძე ამბობს, რომ პატრიარქი "არის ეკლესიის თავზე მოკალათებული პიროვნება, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს მას".

"სიჩუმეს აღარ ვაპირებთ, რადგან პატრიარქი დაგვიპირისპირდა, ჩემს ოჯახს დაუპირისპირდა, ჩემს მცირეწლოვან ძმისშვილებს და მან ხაზგასმით გვითხრა, რომ ჩემი ძმა ციხიდან ვერ გამოვა. ყველაფერს მოვფენთ ნათელს. დაე მოხდეს ის რისიც ეშინოდა პატრიარქს. ეშინოდა თითოეულ სინოდის წევრს, რომლებმაც იცოდნენ, დღესაც იციან და მალავენ პატრიარქის ცოდვებს. ინფორმაცია გვაქვს ცოდვებზე და დანაშაულებების მტკიცებულებები გვაქვს და აუცილებლად ამ ყველაფერს ძმასთან შეხვედრის შემდეგ გავასაჯაროვებ და მოვფენ ნათელს"- ამბობს თორნიკე მამალაძე. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები