გიორგი მამალაძის საქმე

ჯაღმაიძე: დეკანოზ მამალაძის შეწყალებით ეკლესიის წინააღმდეგ სპეკულაციებიც დასრულდებოდა

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

​საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებით დასრულდებოდა "ის პერფორმანსი და სპექტაკლი, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს".

ჯაღმაიძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც საპატრიარქოს ებრძვიან, დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობით სარგებლობენ და ის, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავთ.

"მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 3-წლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებებისა ეკლესიის მიმართ, შეწყალების შუამდგომლობა მისი უწმინდესობის ინიციატივით მიიღო საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, სინოდმა. სინოდის მიერ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი წერილი შეწყალების თაობაზე, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს, არის უმაღლესი ლეგიტიმაციის და გამოხატავს ეკლესიის ნებას.

პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება და დაასაბუთა თავისი ხედვა, თუ რატომ არ მოხვდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე.

რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანური ფაქტორი და დამოკიდებულება პატიმრისადმი ისედაც გულმოწყალებას გულისხმობს, ისედაც ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ჩვენთვის მისაღები, სასურველი იქნებოდა, გათავისუფლებულიყო დეკანოზი. თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პერფორმანსი დამთავრდებოდა.

ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ამ მდგომარეობას დიდი სპეკულაციები მოყვა და ბევრმა ადამიანმა ისარგებლა იმით, რომ ეს ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ჩვენი ხედვით, მძევლადაც კი არის ეს ადამიანი იმ ხალხის ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. დეკანოზის გათავისუფლების სურვილი შეიძლება ამ კუთხითაც გავზომოთ, ამით დასრულდება ეს სპეკულაციები და სპექტაკლი", - თქვა ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. პრეზიდენტის თქმით, მან გადაწყვიტა, თავისი გადაწყვეტილებით საზოგადოებაში ახალი დაპირისპირებისთვის ხელი არ შეეწყო. მისივე განცხადებით, "მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს, პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილებების პროცესს. ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას მოითხოვს".

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები