დეკანოზ მამლაძის საქმე

EMC: უარზე პრეზიდენტის დასაბუთება ამოვარდნილია შეწყალების კონცეფციიდან, მიზნებიდან

თეონა თურმანიძე

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ამ საქმეზე უფლებების აღდგენისა და ჰუმანური მიდგომის რესურსი არ გამოიყენა და სასულიერო პირი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ პატიმრობაში რჩება," - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის დასაბუთება არარელევანტურია და აცდენილი თავად შეწყალების კონცეფციასა და მიზანს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება შეწყალების მექანიზმის მიმართ ჰუმანურ მოლოდინებს ამძიმებს და ის პრეზიდენტის ხელში თვითნებური პოლიტიკური ბერკეტი უფრო ჩანს, ვიდრე ადამიანის უფლებების და ჰუმანიზმის დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმი," - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე დეტალურად შეაფასა EMC და ისინი საქმეზე არსებით ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტების დარღვევაზე უთითებდნენ, მათ შორის:

  • საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მტკიცებულებების (დკაენოზის პირადი ნივთების და მათ შორის, მისი ჩემოდნიდან თითქოსდა ამოღებული ციანიდის) მოპოვების წესის ფუნდამენტურ დარღვევაზე, რის გამოც მათი ვალიდურობა და სანდოობა ეჭვქვეშ დადგა;
  • საქმის განხილვის დროს მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესის არსებით დარღვევაზე; სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი დარღვევაზე;
  • გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების კვალიფიკაციის აშკარა პრობლემურობაზე;
  • გიორგი მამალაძის მიმართ მაღალი თანამდებობის პირების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მამალაძის საქმეს ჰქონდა პოლიტიკური კონტექსტი და საეკლესიო წრეებში შიდა დაპირისპირების და კრიზისის მიზეზიც გახდა. თუმცა, 2019 წლის 31 დეკემბერს  სინოდის გადაწყვეტილებამ, დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობაზე, საპატრიარქოს შიგნით უფრო ჰუმანური მიდგომების მოლოდინი გააჩინა.

"სამწუხაროდ, ეს მოლოდინი რეალური არ აღმოჩნდა და ამ პერიოდში საპატრიარქოს მაღალი იერარქების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ამ შუამდომლობის ნომინალურობას უკვე აჩვენებდა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ სინოდის აღნიშნულ შუამდგომლობას საპატრიარქოს წიაღში გაჩენილი მღელვარების შესუსტების და პასუხისმგებლობის მოხსნის მიზანი უფრო გააჩნდა, ვიდრე სასულიერო პირის რეალური მხარდაჭერა და საპატრიარქოში შექმნილი კრიზისის გადაჭრა. გიორგი მამალაძის გათავისუფლების შემდეგ. ამ საქმეზე და მის პოლიტიკურ და საეკლესიო კონტექსტზე ღია დისკუსიები როგორც ჩანს საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო და ამდენად შეწყალების შესახებ სინოდის შუამდგომლობა უფრო ტაქტიკური ნაბიჯი იყო," - წერია განცხადებაში. 

EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ არ არსებობს განცდა, რომ ამ საქმეზე პრეზიდენტი საპატრიარქოსგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ასევე აღნიშნულია, რომ შეწყალებაზე პრეზიდენტის უარის დასაბუთება მკვეთრად პრობლემურ მიდგომებს და ახსნას შეიცავს. ასევე წერენ, რომ დეკანოზის შეწყალებაზე უარი კლერიკალურ წრეებში დაპირისპირებას გააღრმავებს და ამ საქმით უკმაყოფილო სასულიერო პირების წუხილებსა და საჯარო კრიტიკას გააძლიერებს.

სამოქალაქო სექტორი ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ პატრიარქის სიცოცლის ხელყოფის არგუმენტის გამოყენება უადგილოა და ხელისუფლების მიერ შექმნილ ძველ პოლიტიკურ ნარატივს იმეორებს, მაშინ როცა, დეკანოზ მამალაძეს გამოძიება არა ილია მეორეს, არამედ მისი მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება.

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ამ საქმეზე უფლებების აღდგენისა და ჰუმანური მიდგომის რესურსი არ გამოიყენა და სასულიერო პირი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეწყალების მექანიზმის მიმართ ჰუმანურ მოლოდინებს ამძიმებს და ის პრეზიდენტის ხელში თვითნებური პოლიტიკური ბერკეტი უფრო ჩანს, ვიდრე ადამიანის უფლებების და ჰუმანიზმის დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმი," - წერია განცხადებაში. 

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეიწყალებს. 

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები