თურქეთი-ლიბია

ერდოღანი: თურქი ჯარისკაცები უკვე მიდიან ლიბიაში ლეგიტიმური მთავრობის მხარდასაჭერად

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
GETTY IMAGES

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ ლიბიაში ჯარების გაგზავნა უკვე დაიწყო. მისი თქმით თურქი სამხედროების მისია იქნება უზრუნველყონ გაეროს მიერ მხარდაჭერილი ნაციონალური ერთობის მთავრობის სტაბილურობა.

"ჩვენი ჯარების მოვალეობა იქნება კოორდინაცია. ისინი ჩამოაყალიბებენ ოპერაციების ცენტრს. ჩვენი ჯარისკაცები უკვე თანდათანობით მიდიან ლიბიაში." თქვა მან.

ერდოღანი ირწმუნება, რომ თურქეთის მიზანი არის არა დაპირისპირება, არამედ ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება.

გასულ კვირას დონალდ ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. "უცხოური ჩარევა ლიბიაში არსებულ სიტუაციას ართულებს." უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას.

ლიბიაში არსებული სიტუაციის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზეც განიხილავენ.

თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარის განლაგებას მხარი 2 იანვარს რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებით პარლამენტმა ჯარებს ერთწლიანი მანდატი მიანიჭა.

ყველა ოპოზციური პარტია კანონპროექტის წინააღმდეგი იყო. აღნიშნულ კანონპროექტს მხარი მხოლოდ პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის პარტიამ დაუჭირა.

ერდოღანს დახმარება ლიბიის ხელმძღვანელობამ სთხოვა, რომელიც რამდენიმე წელია, ამბოხებულებს ებრძვის.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქი ტრიპოლს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაფთარის მხარდასაჭერად რუსეთიდან კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები ჩადიან, რასაც ანკარა არ შეეგუება.

კომენტარები