აშშ-ერაყი

მარკ ესპერი: ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყის დატოვებაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა

მარკ ესპერი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი უარყოფს ინფორმაციას, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ერაყიდან გამოსვლისათვის ემზადებიან. მედიაში აშშ-ის ჯარების შესაძლო გამოსვლის შესახებ ინფორმაცია ამერიკელი გენერლის წერილზე დაყრდნობით გავრცელდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მომავალ დღეებში აშშ-ის ძალების გადაადგილება მოხდებოდა.

წერილი, სავარაუდოდ, გენერალ უილიამ სილის გაგზავნილია, რომელიც ერაყში აშშ-ის სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობს. ადრესატი აბდულ ამირია, ერთობლივი ოპერაციების დირექტორის მოადგილე.

ესპერის თქმით ერაყის დატოვებაზე არავითარი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ წერილის გაგზავნა შეცდომა იყო, ის ხელმოწერილი არ არის და არ უნდა გავრცელებულიყო.

ამჟამად ერაყში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ საერთაშორისო კოალიციაში 5,000-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ამჟამად კოალიციის ოპერაციები დროებით შეჩერებულია.

5 იანვარს ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აუქმებს არსებულ შეთანხმებებს საერთაშორისო კოალიციურ ძალებთან. მიღებული რეზოლუციით პარლამენტი მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, დაასრულოს ნებისმიერი უცხო ქვეყნი ჯარების დისლოცირება ერაყის ტერიტორიაზე. ამავე რეზოლუციით უცხო ქვეყნებს ეკრძალებათ ერაყის ტერიტორიის და საჰაერო სივრცის სამხედრო მიზნებით გამოყენება.

კოალიციური ძალების გაყვანის მოთხოვნა დღის წესრიგში ერაყში ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ დადგა. 4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ რეგიონში დამატებით 3 ათასზე მეტ სამხედროს აგზავნიდა. 

დამატებითი ძალების ნაწილი ქუვეითში და ერაყში უნდა განთავსებულიყო. ამ დროისთვის უცნობია, როგორ გაგრძელდა ამერიკელი სამხედროების მობილიზაციის პროცესი. ირანის ისლამური რევოლუციის ყუდსის დანაყოფის მეთაური, ყასემ საოლეიმანი, ბაღდადის აეროპორტთან ახლოს 3 იანვრის დილით აშშ-ის სარეკეტო შეტევის შედეგად მოკლეს.

მას შემდეგ, რაც ერაყის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გასვლას, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყს მკაცრი სანქციებით დაემუქრა:

"ჩვენ ძალიან ძვირადღირებული ავიაბაზა გვაქვს იქ. მილიარდობით დოლარი დაჯდა მისი აშენება. არ წავალთ, თუ ამ დანახარჯს არ აგვინაზღაურებენ." თქვა მან ჟურნალისტებთან.

ტრამპის თქმით თუ ერაყი აშშ-ის სამხედრო ძალებს არა მეგობრულად სთხოვს გამგზავრებას, ისეთ სანქციებს დაუწესებენ "როგორიც არასოდეს უნახავთ."

კომენტარები