ირანი

ირანი: "ერაყის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმისას 80 ამერიკელი ტერორისტი მოვკალით"

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრისას რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერაყში სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმისას "სულ მცირე 80 ამერიკელი ტერორისტი მოკლეს" და სამხედრო ტექნიკა დააზიანეს.

მისივე თქმით ირანმა 15 რაკეტა გაისროლა და მათგან ვერცერთის ჩამოგდება ვერ მოახერხეს. გარდა ამისა, რევოლუციური გვარდია იმუქრება, რომ მიზანში რეგიონში კიდევ 100 ობიექტი აქვთ ამოღებული იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს.

ირანის რევოლუციური გვარდია უკვე დაიმუქრა ხაიფასა და დუბაის დაბომბვით. 

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან რამდენიმე საათის წინ განხორციელდა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ვაშინგტონი არ ადასტურებს. პენტაგონს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ "ყველაფერი კარგადაა". 

"ყველაფერი კარგადაა! სარაკეტო შეტევა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე ირანიდნ განხორციელდა. ამ დროისთვის მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა! ჩვენ ყველაზე ძლევამოსილი და ყველაზე კარგად აღჭურვილი არმია გვყავს. განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ", — ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

პენტაგონის წარმომადგენლის, ჯონატან ჰოფმანის თქმით, აშშ-ის სამხედრო ბაზები ახლო აღმოსავლეთში უკვე რამდენიმე დღე საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაზე არიან გადასულნი და შეტევას მომზადებულები დახვდნენ. 

უწყებაში ასევე, ამბობენ, რომ ირანის შეტევა უპასუხოდ არ დარჩება და უწყება ყველაფერს იღონებს ამერიკელი სამხედროების, პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ ირანელმა კანონმდებლებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტებად გამოაცხადა. პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

კომენტარები