თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

უკრაინული მედია: ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის 15-მდე, ირანის კი - 71 მოქალაქე დაიღუპა

Business Traveller

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ 176 ადამიანს შორის უკრაინის მოქალაქეთა რიცხვი 11-დან 15-მდე მერყეობს, დაღუპული ირანელების რიცხვი კი 71-ია. 

ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა OBOZREVATEL წერს

მათი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილ 15 უკრაინელს შორის, 13 ეკიპაჟის წევრი იყო, 2 კი - მგზავრი. 

15 უკრაინელისა და 71 ირანელის გარდა, ბორტზე კანადის 73 მოქალაქე, გერმანიის 4 მოქალაქე, დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე, შვედეთის 8 და ავღანეთის 6 მოქალაქე დაიღუპა. 

თუმცა, ამასთან უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ ბორტზე 11 უკრაინელი დაიღუპა - 2 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი. 

თვითმფრინავი ირანში 8 იანვარს გამთენიისას ჩამოვარდა. 

Flightradar24-ის ცნობით, ბოლოს თვითმფრინავი თეირანის მახლობლად ქალაქ პარანდთან შენიშნეს. უკრაინის ავიახაზების საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან დილის 5 საათსა და 15 წუთზე უნდა აფრენილიყო. თვითმფრინავი თეირანი-კიევის ფრენას ასრულებდა.

რუსული მედია რია ნოვოსტი ირანულ Tansim-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებით, საელჩო ამ დროისთვის ტრაგედიის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების პროცესშია. 

კომენტარები