გიორგი მამალაძის საქმე

მამალაძე: გავასაჯაროებთ მტკიცებულებებს საპატრიარქოში არსებულ პედოფილიასა და ინცესტზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, რამდენიმე დღეში, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას "ეკლესიაში არსებულ მამათმავლობაზე, პედოფილიასა და ინცესტის შემთხვევებზე". ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ მსჯავრდებულ დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულებები.

"საზოგადოებას მიეწოდება ყველა იმ პრობლემასთან მტკიცებულებები, რაც საპატრიარქოში არსებობს: პედოფილია, მამათმავლობა, ინცესტის პრობლემები. ეტაპობრივად ამ დღეებში დაიწყება და მიეწოდება ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია. ეს იქნება მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რის შემდეგაც საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება. ეს გულდასაწყვეტია, რადგან გამომდინარეობს საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან და თავად პატრიარქისგან. ეს მათი ცხოვრების ყოველდღიურობაა. ჩვენ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რადგან ისინი ეკლესიის ნაწილი არიან და უნდა იცოდნენ, ეკლესიის სათავეში ვინ დგას. არის მოწმეები და ყველაფერი დამტკიცდება. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იდგნენ საშობაო წირვაზე წინა ფლანგზე, მათ შორის, რა დონეზე სამწუხაროც არ უნდა იყოს, არის კათოლიკოს პატრიარქი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ პირველი არხის ცნობით.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა 6 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ვერ მონახა არგუმენტი, "რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძეზე".

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა. მსჯავრდებული დეკანოზის ძმის თქმით, ილია მეორემ პირად საუბრებში ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები