წყალმომარაგების პრობლემა

ცქიტიშვილი: ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ბაკურიანის წყლით უწყვეტ მომარაგებას

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა გუშინ ფაქტობრივად გადაიჭრა, რაც შეეხება ბაკურიანს, მინისტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი დაბის უწყვეტი წყლით მომარაგება. 

მისივე ინფორმაციით, წყლის პრობლემა ჰქონდა სასტუმროების მხოლოდ 20 პროცენტს. აქედან, ნაწილს გრაფიკით მიეწოდება წყალი, ნაწილს კი 31 დეკემბრიდან მოყოლებული, მუდმივ რეჟიმში, ამარაგებენ წყალმზიდების საშუალებით. მაია ცქიტიშვილი დღეს ბაკურიანში იყო. 

"ჩვენი კოლეგების - საგანგებო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ასევე წყლის კომპანიის რესურსებით, 700 ტონაზე მეტი წყალია უკვე მიწოდებული. აქტიური სამუშაოების შედეგად, ყველა ტექნიკური პრობლემა - მილების შეკეთება და ახალი დამატებითი წყალმიმღებების მოწყობა მოგვარებულია. ახლა მიმდინარეობს ახალი სათავეს ტესტირება და შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ არსებული დანაკლისის შევსებას და დაბის უწყვეტ მომარაგებას,“ - თქვა ცქიტიშვილმა.

კვირაზე მეტი ბაკურიანსა და გუდაურში მოსახლეობისა და სასტუმროების ნაწილს წყალი არ მიეწოდებოდა. გუშინ თანამდებობა დატოვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმაც. 

კომენტარები