პოლიციის ძალადობა

ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე მეორე პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურა

ვარკეთილში, "დამპალოს" სასაფლაოზე ნაწამები და გარდაცვლილი 24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. 

ამის შესახებ განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. 

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ვ.ბ.“ - ვკითხულობთ თბილისის პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. როგორც პროკურატურა აცხადებს, ხსენებულ პირებს შორის შელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ.-ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

„ბრალდებული ზ. ფ. მის თანმხლებ პირთან ვ.ბ.-სთან ერთად შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას. კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერთად ჯგუფურად, მ. წ.-ს მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მ. ჩ.-მ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ზ.ფ. პოლიციამ 5 იანვარს დააკავა და საქმე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაუგზავნა.

კომენტარები