ყასემ სოლეიმანის მკვლელობა

გახარია აშშ-ირანზე: სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან

საქართველოს მთავრობა

"ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას" - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, "მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს", რადგან დაძაბულობა დიდი პრობლემაა როგორც ზოგადად რეგიონისთვის, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

"სწორედ ამიტომ ჩვენ უახლოეს კავშირზე ჩვენს პარტნიორებთან ყურადღებით თვალს ვადევნებთ თუ რა ხდება რეგიონში. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან და ერთობლივად მუშაობენ, რომ სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება, შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებდან გამომდინარე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, საკონსულოების, საელჩოების საშუალებით, შესაძლო გართულებების შემთხვევაში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს" - განაცხადა გახარიამ.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება 3 იანვარს აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. სოლეიმანის მკვლელობაზე საპასუხოდ ირანმა სარაკეტო შეტევები განახორციელა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ირანის მიერ ბაღდადში ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ტრამპმა პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახადა, რომ ამერიკა ირანს ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. მან ნატოს მოუწოდა, რომ უფრო აქტიურად ჩაერთნონ მიმდინარე პროცესებში.

კომენტარები