აშშ-ირანი

CNN: ბაზებზე თავდასხმის შემდეგ ირანმა აშშ-ს მესიჯები გაუგზავნა შინაარსით "ჩვენ დავასრულეთ"

ჰასან როუჰანი / დონალდ ტრამპი

მას შემდეგ, რაც 8 იანვარს, გამთენიისას ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, მათ აშშ-ს სხვადასხვა დიპლომატიური არხის მეშვეობით, მათ შორის შვეიცარიის და სხვა ქვეყნების დახმარებით გზავნილები გაუგზავნეს შინაარსით "ჩვენ დავასრულეთ".

ამის შესახებ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით CNN წერს. პასუხად აშშ-ის წარმომადგენლება დააფიქსირეს შეშფოთება არა მხოლოდ ირანის, არამედ რეგიონში ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ქმედებების თაობაზე.

CNN-თან საუბარში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების ნაწილი ამბობს, რომ მათი აზრით, ირანმა სპეციალურად ააცილა რაკეტები იმ ადგილს, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ, თუმცა გენერალ მარკ მაილის მიაჩნია, რომ სარაკეტო თავდასხმის მიზანი ამერიკელების მოკვლა იყო.

აღსანიშნავია, რომ შეტევის დასრულებასთან დაკავშირებით მსგავსი მესიჯი თავდასხმიდან მალევე გაავრცელა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა საკუთარ ტვიტერზე:

"თავდაცვის მიზნით, ირანმა პროპორციული საპასუხო ზომები განახორციელა. ჩვენი მოქმედებები დაცულია გაეროს წესდების 51-ე მუხლით, რომელიც გვაძლევდა უფლებას, შეგვეტია სამხედრო ბაზაზე, საიდანაც ირანის მოქალაქეებისა და უმაღლესი სახელმწიფო პირების მიმართ ლაჩრული შეტევა განხორციელდა. ჩვენ არ გვსურს ვითარების ესკალაცია, ან, ომი მაგრამ ირანი თავს ნებისმიერი აგრესიისგან დაიცავს." დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო თავდასხმა ირანმა 3 იანვარს გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის საპასუხოდ განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ 80 ამერიკელი სამხედრო მოკლეს, გუშინ გამართული პრესკონფერენციისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა ან დაშავებულა.

მან ასევე თქვა, რომ როგორც ჩანს, ირანი ამ თავდასხმის შემდეგ შეჩერდება და შესაბამისად, აშშ-ის პასუხი მეტი სანქციები იქნება. ტრამპმა NATO-ს მოუწოდა მეტად ჩაერთოს ახლოს აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში, ხოლოდ 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების მხარეებს მოუწოდა დატოვონ შეთანხმება, რათა ახალი პაქტი შეიმუშავონ.

კომენტარები