ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს დატოვებს

რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსულების მე-9 დაწესებულებას, ე.წ მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს.

პატიმრობის ვადა მას სწორედ ამ დღეს ეწურება.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ის 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის პერიოდში, 2013 წლის დეკემბერში ვანო მერაბიშვილმა მისი საკნიდან გაყვანის შესახებ ისაუბრა, რათა მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შეხვედროდა.

კერძოდ: 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მერაბიშვილის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი ციხეში დატოვების საფუძველი.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკავშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან.

მერაბიშვილს უდოს კომისიამ პატიმრობის ვადის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე ორჯერ უთხრა უარი ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

კომენტარები