ლიბია

პუტინმა და ერდოღანმა ლიბიაში დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს

ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Getty Images

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მათ ლიბიაში დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა გაფრთხილება გაავრცელა, რომ ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირება შესაძლოა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ტიპის კონფლიქტში გადაიზარდოს.

თურქეთი და რუსეთი ლიბიაში სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს. რუსეთი არაოფიციალურად ხალიფა ჰაფთარის ძალებს უჭერს მხარს, თუმცა პუტინი უარყოფს, რომ ქვეყანაში რუსი დაქირავებული სამხედროები იმყოფებიან. ერდოღანი კი ირწმუნება, რომ ხალიფა ჰაფთარის ძალების დასახმარებლად ლიბიაში 2,500-მდე რუსი დაქირავებული სამხედრო იმყოფება.

გასულ კვირას კი თურქეთმა ლიბიის ნაციონალური ერთობის მთავრობის მხარდასაჭერად სამხედრო ძალების გაგზავნა დაიწყო.

ერდოღანის თქმით თურქი სამხედროების მისია იქნება უზრუნველყონ გაეროს მიერ მხარდაჭერილი ნაციონალური ერთობის მთავრობის სტაბილურობა.

"ჩვენი ჯარების მოვალეობა იქნება კოორდინაცია. ისინი ჩამოაყალიბებენ ოპერაციების ცენტრს. ჩვენი ჯარისკაცები უკვე თანდათანობით მიდიან ლიბიაში." თქვა მან.

ერდოღანი ირწმუნება, რომ თურქეთის მიზანი არის არა დაპირისპირება, არამედ ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება.

გასულ კვირას დონალდ ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. "უცხოური ჩარევა ლიბიაში არსებულ სიტუაციას ართულებს." უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას.

მიმდინარე კვირას ლიბიის მთავრობის მოკავშირეებმა სიდრის ყურეში მდებარე ქალაქი სირთი დატოვეს მას შემდეგ, რაც ქალაქში ხალიფა ჰაფთარის ძალები შევიდნენ და კონტროლი აიღეს. მათი თქმით ეს ნაბიჯი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად გადადგეს.

ქალაქი ნავთობის საექსპორტო ტერმინალებთან ახლოს მდებარეობს, რომლებსაც ასევე ჰაფთარის ძალები აკონტროლებენ. ლიბიის მთავრობის მოკავშირეებმა ქალაქი 2016 წელს აშშ-ის საჰაერო დარტყმების დახმარებით ისლამური სახელმწიფოსაგან გაათავისუფლეს.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქი ტრიპოლს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაფთარის მხარდასაჭერად რუსეთიდან კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები ჩადიან, რასაც ანკარა არ შეეგუება.

კომენტარები