აშშ-ირანი

აშშ გაეროს: ირანთან, წინაპირობების გარეშე, სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ

დონალდ ტრამპი
WSJ

აშშ-ის მიერ გაეროსათვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ირანთან სერიოზული მოლაპარაკებებისათვის მზად არიან.

ამავე წერილში აშშ-მა ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობას თავდაცვისათვის გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

წერილი უშიშროების საბჭოს გაეროში აშშ-ის ელჩმა, კელი კრაფტმა მიწერა.

"მიზანი საერთაშორისო მშვიდობისათვის საფრთხის მიყენების ან ირანის რეჟიმმის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებაა." წერს ის.

გაეროში ირანის ელჩმა მაჯიდ რავანჩიმ თქვა, რომ აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებების შეთავაზება დაუჯერებელია მაშინ, როდესაც ამავდროულად ირანს მკაცრ სანქციებს უწესებენ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ამერიკულ CBS News-თან საუბარში თქვა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ირანმა რეგიონში საკუთარ მოკავშირეებს სთხოვა ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმისაგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 8 იანვარს, გამთენიისას ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, მათ აშშ-ს სხვადასხვა დიპლომატიური არხის მეშვეობით, მათ შორის შვეიცარიის და სხვა ქვეყნების დახმარებით გზავნილები გაუგზავნეს შინაარსით "ჩვენ დავასრულეთ".

სარაკეტო თავდასხმა ირანმა 3 იანვარს გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის საპასუხოდ განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ 80 ამერიკელი სამხედრო მოკლეს, გუშინ გამართული პრესკონფერენციისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა ან დაშავებულა.

მან ასევე თქვა, რომ როგორც ჩანს, ირანი ამ თავდასხმის შემდეგ შეჩერდება და შესაბამისად, აშშ-ის პასუხი მეტი სანქციები იქნება. ტრამპმა NATO-ს მოუწოდა მეტად ჩაერთოს ახლოს აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში, ხოლოდ 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების მხარეებს მოუწოდა დატოვონ შეთანხმება, რათა ახალი პაქტი შეიმუშავონ.

კომენტარები