გიგა ბოკერიას საქმე

ბოკერია: ის თანამშრომლობა, რაც უშიშროების საბჭოს ჰქონდა, ეროვნულ უსაფრთხოებას ეხებოდა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე საუბრობს, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს და რომელიც მისი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებს ეხება.

ბოკერიას თქმით, ყველა ის თანამშრომლობა, რომელიც უშიშროების საბჭოს მაშინ ჰქონდა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისკენ იყო მიმართული, მათ შორის საგარეო კუთხით. 

"იქნებოდა ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თუ ჩვენ გარშემო მყოფი ქვეყნები. ეს საჯაროდაა ცნობილი და ახლაც შემიძლია, დავადასტურო,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, რაც შეეხება გამოძიების მოტივებს, ყველასთვის ცნობილია, რატომ გაახსენდა გამოძიებას 5-წლიანი პაუზის შემდეგ ეს საქმე მაინცდამაინც ახლა. 

"მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა დაგვიანონსა, რომ დაგვსჯის ყველას, მას შემდეგ, რაც ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდა და აგონიის ბაზაშია. ჩემი აზრით, ეს უდაოა, კიდევ ერთხელ ვიმერეობ, არა ჩემი პერსონის გამო, არამედ - საერთო კონტექსტის,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

ბოკერიასთან დაკავშირებულ საქმეზე 9 იანვარს საქალაქო სასამართლოში ერთერთი იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაკითხეს, რომელიც უშიშროების საბჭოს საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა. აკა სულავას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოკითხვაზე პირველად 2019 წლის დეკემბერში დაიბარეს.

ადვოკატ თორნიკე უსტარაშვილის თქმით, 13 დეკემბერს პროკურატურაში მისულმა მან და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღმოაჩინეს, რომ გამომძიებელ ზაკალაშვილს გამოკითხვის ოქმი თავისი ინიციატივით ჰქონდა შედგენილი, სადაც სულავას პასუხებად ეწერა ის პასუხები, რა პასუხებიც მიღებაც გამოძიებას მისგან სურდა. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვეს მათ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა. 

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ აკა სულავას 13 დეკემბერს ჩვენება არ მიუცია, გამომძიებელი ლევან ზაკალაშვილი კი ამტკიცებს, რომ 9 იანვრის დაკითხვაზე სულავამ 13 დეკემბრის ჩვენება შეცვალა. 

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ამ საქმეზე პირველად 2014 წლის აპრილში გამოკითხეს. საქმე ეხება ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებს. 

5 წლის შემდეგ, 2019 წლის 15 დეკემბერს, ოპოზიციის აქციებისა და პიკეტების ფონზე, ბოკერია ამ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. პროკურატურა ამბობდა, რომ "საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა". საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა ბოკერიამ თქვა, რომ მისთვის გამოძიებას ახალი შინაარსის მქონე კითხვები არ დაუსვამს.

კომენტარები