თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

ტრუდო: ჩვენი დაზვერვის მიხედვით, უკრაინული თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო

0 კომენტარი
ჯასტინ ტრუდო ფოტო: Vanity Fair

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც კანადის ათეულობით მოქალაქე გარდაიცვალა. 

9 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ტრუდომ თქვა, რომ კანადის დაზვერვსი სამსახურის მონაცემები მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა ძალებმა ჩამოაგდეს. 

"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა წყაროს მიერ მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი დაზვერვის სამსახურისგან. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო,"- თქვა ტრუდომ. 

მისივე თქმით, ამავე ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავის ჩამოგდება წინასწარ განზრახული არ ყოფილა. 

"ეს ამბავი კიდევ უფრო დიდი შოკი იქნება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ისედაც გლოვობენ ამ ენით აღუწერელ ტრაგედიას,"- თქვა პრემიერმინისტრმა. 

8 იანვრის დილით თეირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში უმრავლესობა, 138 ადამიანი კანადაში აპირებდა გაფრენას, მათგან 63 კანადის მოქალაქე იყო.

ამერიკული მედიის მიხედვით, ერაყსა და აშშ-ში მაღალჩინოსნები ასევე სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა. 

უკრაინ ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს. 

თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვრის დილით, 04:30 საათზე ჩამოვარდა. ეს იმავე დღეს მოხდა, რა დღესაც ირანი ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებს თავს დაესხა. ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩა. დაღუპულთა რიცხვი 176-დან 180-მდე მერყეობს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბორტზე უკრაინის 11, ხოლო ირანის 71 მოქალაქე იმყოფებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები