უზენაესი სასამართლო

მდინარაძე: არ გვაქვს პოლიტიკური ნება, უზენაეს სასამართლოში კიდევ 6 მოსამართლე დავნიშნოთ

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს აღარ დანიშნავს.

დღეს პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ 6 კანდიდატის სია, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და იმ ვაკანტურ თანამდებობებს, რომლებიც დარჩენილია უზენაეს სასამართლოში, აღარ შეავსებს. მისივე თქმით, გარდა რეკომენდაციებისა, მმართველ გუნდს ამისი პოლიტიკური ნებაც აღარ აქვს.

"ვფიქრობ, მოქმედი პარლამენტი მოკლებულია არა კანონისმიერ, არამედ, ზოგადად შესაძლებლობას, რომ კიდევ აირჩიოს დამატებით მოსამართლეები.

ასე ხელაღებით არ შეიძლება ვთქვათ, რომ პროცესი ფორმალურია და ადამიანი, რომელიც მოდის გასაუბრებაზე, აუცილებლად ჩავარდება მისი კანდიდატურა, მაგრამ თუ გნებავთ, ასე მიიღეთ ჩემი მინიშნებაც, რადგან ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კიდევ მეტი რაოდენობა შესაძლებელია ავირჩიოთ უზენაეს სასამართლოში ამ მოწვევის პარლამენტმა, რადგან ჩვენ ვთქვით და იქ დავასრულეთ ამაზე საუბარი, სადაც ოპტიმალურ რაოდენობაზე იყო მინიშნება, რომ კოლეგიები ორ-ორი მაინც, თითო პალატაში უნდა დაკომპლექტებულიყო. ეს რაოდენობა ამ წუთას საქართველოს უზენაეს სასამართლოში არის და ამ ეტაპზე საკმარისია. ვფიქრობ, არ იქნება რაციონალური, არც საერთაშორისო პარტნიორებთან ვიქნებით მართლები, რომ კიდევ დავიწყოთ ახალი მოსამართლეების არჩევა და გავამწესოთ ისინი", - თქვა მდინარაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს კიდევ 6 კანდიდატი 26 დეკემბერს შეარჩია. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა ილონა თოდუას, გენადი მაკარაძის, ნინო სანდოძის, პაატა სილაგაძის, გიორგი ტყავაძის და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურებს. აღსანიშნავია, რომ სილაგაძე იმ ოცკაციან სიაშიც იყო, რომლიდანაც პარლამენტმა 12 დეკემბერს 14 მოსამართლე დაამტკიცა.

კომენტარები