სკვერში კორპუსის აშენების საწინააღმდეგო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს
მათ შორის ერთ-ერთი პარტია "ლელოს" წევრი თორნიკე ართქმელაძეა.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი წერს:
"სახელმწიფო გამოსულია წყობიდან: მოქალაქეთა დიდი თუ მცირე მასშტაბის პროტესტზე პასუხი არის ერთადერთი - ხელების გადაგრეხვა და დაკავება საბჭოთა კანონის საფუძველზე!".
ვარკეთილში, "ანას ბაღში" მოსახლეობა დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს.
საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა.
მოქალაქეების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სკვერის ადგილას არ აშენდეს 10-სართულიანი კორპუსი.
მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას, დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციას შორის იყო დაპირისპირებებიც.
პოლიციამ და დაცვის სამსახურმა მოქალაქეები სკვერიდან იძულებით გაიყვანა, რათა სამშენებლო ტექნიკას მუშაობის საშუალება ჰქონოდა.
თავდაპირველად დააკავეს 6 ადამიანი. ამის შემდეგ მოგვიანებით - 4.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ ლელოს და ენმ-ის წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები.
ყველა დაკავებული წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით არიან გადაყვანილი.