ყასემ სოლეიმანი

2007 წელს ბრიტანელებმა "მიზანში ამოღებული" სოლეიმანი გაუშვეს

ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph იტყობინება, რომ ერაყის ომის დროს გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალები ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციას აპირებდნენ, რაზეც სამხედროებს ბოლო მომენტში ააღებინა ხელი ბრიტანეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზეთის ინფორმაციით, 2007 წელს ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა გამოავლინეს, რომ ერაყის სამხრეთში, ქალაქ ბასრაში ბრიტანელი სამხედროების წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციებს სწორედ გენერალი სოლეიმანი ხელმძღვანელობდა.

Telegraph-ის წყაროს ცნობით, საჰაერო ძალებს სოლეიმანი "მიზანში ამოღებული" ჰყავდათ, თუმცა ბოლო მომენტში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ მილიბენდის გადაწყვეტილებით, სოლეიმანი აღარ მოუკლავთ.

ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს ერაყში, აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს მოკლეს.

სოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ყველაზე ელიტარულ ქვედანაყოფ "ყუდს" მეთაურობდა.

ის ირანში და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო პირად ითვლებოდა. შეტევა დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა. სარაკეტო შეტევის დროს ყასემ სოლეიმანის ავტოკოლონა ბაღდადის აეროპორტში იმყოფებოდა.

კომენტარები