თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

მაიკ პომპეო: გვჯერა, რომ, სავარაუდოდ, უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო

მაიკ პომპეო და სტივენ მნუჩინი
NBC News

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ, სტივენ მუნჩინთან ერთად გამართული ბრიფინგზე უკრაინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამერიკას სჯერა, რომ, სავარაუდოდ, უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

"გვჯერა, რომ, სავარაუდოდ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, სანამ საბოლოო დასკვნას გამოვიტანთ", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეოს თქმით, ბრიფინგის გამართვამდე ის ტელეფონით ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტსა და მის კანადელ კოლეგას, რომლებიც მუშაობენ სიმართლის დასადგენად.

გუშინ, New York Times-მა სოციალურ ქსელებში გავრცელებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო შეამოწმდა და დაწერა, რომ შემოწმების შედეგად, დასტურდება, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, თქმით, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

კომენტარები