c ჰეპატიტის პროგრამა

560 მილიონი ლარის C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი გამოქვეყნა, სადაც ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის მიმდინარეობა და ხარვეზები არის განხილული.

2018 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ 560 645 038 ლარი ცე ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ამის ძირითად მიზეზად კი პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.

აუდიტის ანგარიშში მედიკამენტებისთვის ვადის გასვლის მიზეზების განსამარტად სოციალური მომსახურების სააგენტოს კომენტარი არის ჩაწერილი.

"სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მომართვიანობა. ასევე პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით.

2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები", - წერია ანგარიშში.

ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა 2016 წლის შემდეგ დრამატულად შემცირდა:

2015 წელი - 5 936 ბენეფიციარი;

2016 წელი - 21 645 ბენეფიციარი;

2017 წელი - 14 791 ბენეფიციარი;

2018 წელი - 10 206 ბენეფიციარი.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს "ცე ჰეპატიტის მართვის" პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 15 400 000 ლარი გამოიყო, თუმცა სამინისტრომ მხოლოდ 4 741 000 ლარი აითვისა, დანარჩენი 10 656 000 ლარი კი სხვა პროგრამებზე გადანაწილდა.

"აღსანიშნავია, რომ ეს ქვეპროგრამა ბოლო წლებში მუდმივად დაბალი ათვისების მაჩვენებლით ხასიათდება, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სამინისტროს არ გაუთვალისწინებია", - წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

საქართველო ცე ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ეს ვირუსი მოსახლეობის 7.7%-ს აქვს. სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები.

ცე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია Gilead-ის მხარდაჭერით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები