ომანი

ომანის სულთანი კაბუსი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, ახალი მმართველი ჰაისამ ბინ ტარიკი გახდა

სულთანი კაბუსი

ომანის სულთანი კაბუს ბინ საიდ ალ-საიდი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ ის ბელგიაში სამედიცინო პროცედურებისათვის იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით ის კიბოს მკურნალობდა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

სულთანმა კაბუსმა ტახტიდან საკუთარი მამა ბრიტანეთის მხარდაჭრით 1970 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდო.

სულთან კაბუსს ცოლი და შვილები არ ჰყოლია. Al Jazeera-ს ინფორმაციით მის შემცვლელად უკვე აირჩიეს მისი ბიძაშვილი ჰაისამ ბინ ტარიკ ალ-საიდი, რომელიც მანამდე ქვეყნის კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა.

იმ შემთხვევაში, თუ სამეფო ოჯახი კაბუსის შემცვლელზე 3 დღის განმავლობაში ვერ შეთანხმდებოდა, თავდაცვის საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სახელმწიფო საბჭოს წევრები გახსნიდნენ წერილს, რომელშიც სულთანმა მის შემცვლელად საკუთარი კანდიდატის სახელი დააფიქსირა.

მთავარ კანდიდატებს შორის იყვნენ კაბუსის კიდევ ორი ბიძაშვილი პრემიერ-მინისტრის მოადგილე ასად ბინ ტარიკ ალ-საიდი და ომანის ფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი შიჰაბ ბინ ტარიკ ალ-საიდი.

ომანში სულთანს უმაღლესი თანამდებობა უკავია. ის არის აგრეთვე ქვეყნის პრემიერმინისტრი, მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრი. სულთან კაბუსის მმართველობისას ომანი ნეიტრალიტეტის შენარჩუნების პოლიტიკას ატარებდა. ის რეგონში მიმდინარე მოლაპარაკებების მედიატორიც იყო, მათ შორის აშშ-სა და ირანს შორის, რაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მამა ულტრა-კონსერვატიული პოლიტიკის დამყარებას ცდილობდა და მთელი რიგი აკრძალვები შემოიღო, მათ შორის რადიოს მოსმენაზე და სათვალეების ტარებაზე, ასევე თავად წყვეტდა ვის შეეძლო დაქორწინება ან ქვეყნის დატოვება, გადატრიალების შემდეგ კაბუსმა გამოაცხადა, რომ თანამედროვე მთავრობის ჩამოყალიბება სურდა და ნავთობისაგან მიღებული შემოსავლების ქვეყნის განვითარებისათვის გამოყენება.

თუმცა ის ქვეყანას როგორც ერპიროვნული მმართველი მართავდა და ამ პერიოდში მისი არაერთი მოწინააღმდეგე დააკავეს. 2011 წელს არაბული გაზაფხულისას ომანში ათასობით ადამიანი გამოვიდა უკეთესი ხელფასების, მეტი სამუშაო ადგილის და კორუფციის დასრულების მოთხოვნით. საბოლოოდ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს. დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ათობით. ასობით ადამიანი არალეგალურად შეკრებისა და "სულთნის შეურაცხყოფისთის" დააპატიმრეს. სულთანმა აქციების შემდეგ კორუფციის ბრალდებით რამდენიმე მინისტრი მოხსნა, თუმცა Human Rights Watch-ის ინფორმაციით კვლავ გრძელდება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის დაბლოკვა, წიგნების ჩამორთმევა და აქტივისტებზე ზეწოლა.

კომენტარები