აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეა: კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპის მილოცვა მიიღო, მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდება

კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი
Reuters

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპის მიერ გაგზავნილი დაბადების დღის მილოცვა მიიღო, თუმცა არ აპირებს მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩევლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კიმს შესაძლოა პიროვნულად მოსწონდეს ტრამპი, ქვეყანას პირადი გრძნობების მიხედვით არ წარმართავს.

"მიუხედავად ლიდერების კარგი ურთიერთობისა, აშშ-ის მხრიდან შეცდომაა იფიქროს, რომ მოლაპარაკებებს დავუბრუნდებით." თქვა მან.

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს დაბადების დღის მისალოცი მესიჯი სამხრეთ კორეის საშუალებით გაუგზავნა. სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების მრჩევლის თქმით ტრამპს ახსოვდა, რომ დღე, როდესაც კიმ ჩენ ინს შეხვდა მისი დაბადების დღე იყო. მოიზარება, რომ კიმ ჩენ ინი 1984 წლის 8 იანვარს დაიბადა, შესაბამისად ახლა 36 წლისაა, თუმცა ჩრდილოეთ კორეა ზუსტ თარიღს ასაიდუმლოებს.

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის ბოლო ვადად გასული წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობდნენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებდა, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებდა.

ნოემბრის ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა. სარაკეტო გამოცდები მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ვიეტნამში ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ბირთვული განიარაღების საკითხზე გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ახალი სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეა სატელიტებისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გასაშვებ ბაზას, რომელიც სინგაპურის სამიტზე დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ დაშალა, ახალი გამოცდებისათვის ამზადებს.

კომენტარები