აშშ-ერაყი

აშშ-მა უარყო ერაყის მოთხოვნა ქვეყნიდან ჯარების გაყვანისთვის მომზადების თაობაზე

დონალდ ტრამპი
WSJ

ოფიციალურმა ვაშინგტონმა უარყო ერაყის მოთხოვნა ქვეყნიდან ჯარების გაყვანისთვის მომზადების თაობაზე. ერაყის დატოვების ნაცვლად აშშ იქ NATO-ს ძალების გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს.

ერაყის პრემიერმინისტრმა ადილ აბდულ მაჰდიმ აშშ-ს ჯარების გაყვანის გეგმის მომზადება სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბრისას სთხოვა. მან პომპეოს მოუწოდა გაეგზავნათ დელეგატები, რომლებიც ერაყის პარლამენტის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო გეგმას შეიმუშავებდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ აშშ-ის დელეგაცია ერაყიდან ჯარების გამოყვანის განხილვას არ აპირებს, რადგან მათი იქ ყოფნა "მართებულია".

"თუმცა, აშშ-ისა და ერაყის მთავრობებს შორის უნდა შედგეს დიალოგი არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ფინანსური, ეკონომიკური და დიპლომატიური პარტნიორობის შესახებ." თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

პარალელურად აშშ-მა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლამდე ირანი ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა:

"სავარაუდოდ, ეს იქნებოდა საელჩო ბაღდადში. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აზრით ოთხ საელჩოზე იგეგმებოდა თავდასხმა." თქვა მან Fox News-ის ეთერში.

ამჟამად ერაყში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ საერთაშორისო კოალიციაში 5,000-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

5 იანვარს ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აუქმებს არსებულ შეთანხმებებს საერთაშორისო კოალიციურ ძალებთან. მიღებული რეზოლუციით პარლამენტი მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, დაასრულოს ნებისმიერი უცხო ქვეყნი ჯარების დისლოცირება ერაყის ტერიტორიაზე. ამავე რეზოლუციით უცხო ქვეყნებს ეკრძალებათ ერაყის ტერიტორიის და საჰაერო სივრცის სამხედრო მიზნებით გამოყენება.

კოალიციური ძალების გაყვანის მოთხოვნა დღის წესრიგში ერაყში ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ დადგა. 4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ რეგიონში დამატებით 3 ათასზე მეტ სამხედროს აგზავნიდა. 

პარლამენტის გადაწყვეტილების პასუხად დონალდ ტრამპი ერაყს მკაცრი სანქციებით დაემუქრა და თქვა, რომ აშშ-მა ერაყში მილიარდობით დოლარი ჩადო და ამ თანხის დაბრუნების გარეშე არ წავლენ.

კომენტარები