ოკუპირებული აფხაზეთი

ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

რაულ ხაჯიმბა

ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ე.წ. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაუქმდეს, უკანონოა და გასაჩივრდება.

გივი გაბნიამ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური კომისიის წარმომადგენელმა, რომელიც კომისიის ინტერესებს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სასამართლოში წარმოადგენდა, თქვა, რომ მორიგი ე.წ. არჩევნების ჩატარებამდე, კანონის თანახმად, დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად რაულ ხაჯიმბა რჩება. 

გუშინ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედმა ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. 

საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ დააკმაყოფილა მალხაზ კვიცინიას სარჩელი, რომელიც შედეგებს გაუქმებას ითხოვდა. ე.წ. სასამართლოს დადგენილებით, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა. ეს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების საჭიროებას ქმნის. 

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს რაულ ხაჯიმბა. ოკუპირებულ რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში 47%-ით რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა კვიცინიამ ხმათა 46% დააგროვა. 

ვითარება განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამწვავდა. 10 იანვარს ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალის გამოყენებით აიღეს. ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმაც. დღეს ცნობილი გახდა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მდივანი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა.

კომენტარები