ტაივანის არჩევნები

პეკინის წნეხის მიუხედავად ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ცაი ინგ-ვენი იმარჯვებს

ტაივანზე პეკინის წნეხის და ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების პარალელურად, ტაივანის არჩევნებში წინასწარი შედეგებით ამჟამინდელი პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი იმარჯვებს. ამჟამინდელი მონაცემებით ხმათა 95% დათვლილია. ცაი ინგ-ვენი 57.3%-ით წინ უსწრებს პრო-ჩინელ ხან ქუო-იუს (38.5%).

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად იმართება საპარლამენტო და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებიც.

ტაივანის არჩევნებზე ჰონგ-კონგის აქციებმა გავლენა მოახდინა, სადაც პეკინის წინააღმდეგ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ მილიონობით მომიტინგეს ნახევარ წელზე მეტია ძალადობრიად არბევენ. პეკინი კი ტაივანს უკვე წლებია ჰონგ-კონგში არსებული "ერთი ქვეყანა, ორი სისტემით" ჩინეთთან გაერთიანებას სთავაზობს. პარალელურად ჩინეთი საჭიროების შემთვევაში კუნძულის ასაღებად ასევე არც სამხედრო ძალის გამოყენებას გამორიცხავს.

ცაი ინგ-ვენმა განაცხადა, რომ მხოლოდ ტაივანელ ხალხს აქვს უფლება განსაზღვროს თავიანთი მომავალი. მან დაგმო ჩინეთის მცდელობა ჩარეულიყო და გავლენა მოეხდინა არჩევნებზე ისეთი ხერხებით, როგორცაა დეზინფორმაცია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტაივანის სრუტეში ჩინური საბრძოლო თვითმფრინავის ხომალდების გამოჩენით ამომრჩევლის დაშინება. ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად მიიჩნევს. 

ხან ქოუ-იუს არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. ხან ქოუ-იუს პეკინთან ახლო კავშირის გაბმა სურს, რადგან მიიჩვევს, რომ ტაივანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად ეს ერთადერთი გზაა. გომინდანის მთავრობა ერთ დროს ჩინეთს მართავდა, თუმცა კომუნისტების გამარჯვების შემდეგ ჩინეთის მთავრობა ტაივანში გაიქცა.

არჩევნების წინა დღეებში ჰონგ-კონგიდან ტაივანში ჩასული მომიტინგეები შიშობდნენ, რომ ხანის გამარჯვების შემთხვევაში მათ უსაფრთხოებას ტაივანშიც შეექმნებოდა საფრთხე.

"ტაივანში გადმოვედი, რადგან კომუნისტურ პარტიას გავქცეოდი, ამიტომ პრო-ჩინელ კანდიდატებს ხმას არ მივცემ," - თქვა სემ ჩანმა, რომელიც ჰონგ-კონგიდან ტაივანში საცხოვრებლად 2014 წელს გადავიდა.

"მე ვნახე რაც ხდება ჰონგ-კონგში და ეს საშინელებაა. უბრალოდ მინდა მომავალში ხმის მიცემის თავისუფლება მქონდეს," - მედიასთან საუბრისას თქვა 20 წლის ტაივანელმა, რომელიც ხმის მიცემაში მონაწილეობას პირველად იღებს.

მან ცაი ინგ-ვენს მისცა ხმა, რადგან თვლის, რომ არსებული კანდიდატებიდან დემოკრატიის დასაცავად ის საუკეთესოა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირველი არჩევნებია მას მერე, რაც გასულ წელს ცაი ინგ-ვენის პრეზიდენტობის დროს მთავრობამ ერთსქესიანთა ქორწინებას დაუჭირა მხარი. ეს ნაბიჯი გარკვეულწილად ასევე აღქმული იქნა, როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება.

ტაივანში პირველი დემოკრატიული არჩევნები 1996 წელს ჩატარდა, რითაც სამხედრო მმართველობა დასრულდა. ტაივანი ჩინურად მოსაუბრე საზოგადოებებს შორის ერთადერთია, სადაც დემოკრატიული მმართველობაა.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, პეკინმა ტაივანის მოკავშირეებზე წნეხი გაზარდა და ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს, იგივე ჩინეთის რესპუბლიკას დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობა ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ან ტაივანთან, იგივე ჩინეთის რესპუბლიკასთან დაამყაროს. ტაივანს არ აღიარებს მისი უდიდესი მოკავშირე აშშ-იც, თუმცა არაოფიციალური ურთიერთობები გააჩნია, აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ ტაივანის სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ჩინეთი შიშობს, რომ ცაის ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვვევაში მისი დემოკრატიულ პროგრესული პარტია ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებდნენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

კომენტარები