თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ირანის პრეზიდენტმა უკრაინას თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოუხადა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ირანის პრეზიდენტმა უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ბოდიში მოიხადა. სატელეფონო საუბარი თეირანის ინიციატივით შედგა. ქვეყნის ლიდერების საუბარში, ირანულმა მხარემ აღიარა, რომ თვითმფრინავი ქვეყნის სამხედროების შეცდომის გამო ჩამოაგდეს. 

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორტზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

დღეს ირანის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს. განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა. ირანის სამხედრო ძალების თქმით, სამხედროებში პასუხისმგებელი მხარეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ.

აშშ და კანადა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანს ბრალს დებდა, რასაც ირანი ამ დრომდე უარყოფდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის ავანტიურიზმით გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია.

თვითმფრინავის ჩამოგდებას წინ უსწრებდა ირანის სარაკეტო შეტევა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა. თავდასხმა აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის საპასუხოდ მოხდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.

 

კომენტარები