თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ზელენსკი: ვესაუბრე როუჰანის, ველოდები შემდგომ თანამშრომლობას

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press service

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ირანის პრეზიდენტს, ჰასან როუჰანის ესაუბრა. ზელენსკის თქმით, ის შემდგომ თანამშრომლობას ელოდება.

"ვესაუბრე ჰასან როუჰანის. თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს სხეულების იდენტიფიცირება და მათი უკრაინაში გადმოსვენება. დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ. ველოდებით შემდგომ სამართლებრივ და ტექნიკურ თანამშრომლობას",-წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღეს, 11 იანვარს, ირანის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს. 

განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა.

ირანის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სამხედროებში პასუხისმგებელი მხარეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ.

აშშ და კანადა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანს ბრალს დებდა, რასაც ირანი ამ დრომდე უარყოფდა.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორდზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

გუშინ, New York Times-მა სოციალურ ქსელებში გავრცელებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო შეამოწმა და დაწერა, რომ შემოწმების შედეგად, დასტურდება, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება. 

თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვრის დილით, 04:30 საათზე ჩამოვარდა. ეს იმავე დღეს მოხდა, რა დღესაც ირანი ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებს თავს დაესხა. ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩა. დაღუპულთა რიცხვი 176-დან 180-მდე მერყეობს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბორტზე უკრაინის 11, ხოლო ირანის 71 მოქალაქე იმყოფებოდა.

კომენტარები