სროლა კლუბ ბასიანთან

ექიმი: კლუბ ბასიანთან დაჭრილ 2 პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ერთმა კი კლინიკა დატოვა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ალადაშვილის კლინიკის ექიმის, სულხან სამხარაძის თქმით, კლუბ ბასიანთან დაჭრილი 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, ორი მათგანი კლინიკაში რჩება, ხოლო ერთმა სტაციონარი უკვე დატოვა.

"შემთხვევის ადგილიდან სამი პაციენტი შემოვიდა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. იყო ქვედა კიდურის ჭრილობები. ერთ პაციენტთან ზურგის მიდამოს ჭრილობა. ორი პაციენტი რჩება სტაციონარში დაკვირვების ქვეშ. მათ დასჭირდათ ოპერაციული ჩარევები. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და შედარებით მსუბუქი და მან უკვე დატოვა სტაციონარი. ამჟამად გადიან მკურნალობას და არიან დაკვირვების ქვეშ. არიან კონტაქტურები, ადეკვატურად საუბრობენ. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან"- ამბობს ექიმი. 

12 იანვარს, გვიან ღამით, კლუბ ბასიანთან კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც კლუბის 3 თანამშრომელი დაიჭრა. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. უწყების ცნობითვე, სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები