მთავარი პროკურატურა

NGO-ები: სახელმწიფომ ვერც ერთხელ ვერ შეძლო მაღალი ნდობისა და რეპუტაციის გენპროკურორის არჩევა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიიჩნევს, რომ აუცილებელია, გენერალური პროკურორის შესარჩევად, საპროკურორო საბჭომ შეიმუშავოს კონკურსის ჩატარების პროცედურები და კრიტერიუმები. NGO-ების შეფასებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამოქალაქო/პროფესიული ჯგუფების უფრო აქტიური ჩართულობა კანდიდატების შერჩევის პროცესში.

გარდა ამისა, კოალიციის შეფასებით, კანდიდატების შერჩევა-წარდგენასთან დაკავშირებით მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებაში საბჭომ უნდა დაასაბუთოს, რომ კანდიდატები აკმაყოფილებენ გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავებისთვის საჭირო კრიტერიუმებს; 

"მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ გენერალურ პროკურორს არ შეარჩევს ვიწრო-პარტიული ინტერესით და პარლამენტში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსს" - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში.

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განმწესებას. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საპროკურორო საბჭო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამართოს კონსულტაციები გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევის მიზნით აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. 

საპროკურორო საბჭომ წერილობით უკვე მიმართა სხვადასხვა ორგანიზაციას შერჩევის პროცესში ჩართვის მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საპროკურორო საბჭოს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი კომპონენტია მთლიანი პროცესის გამჭვირვალობისა და ლეგიტიმურობისთვის.

კანონმდებლობის თანახმად, კონსულტაციების შედეგად საბჭო შეარჩევს 3 კანდიდატს, რომლებსაც ინდივიდუალურად ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს (მაგრამ არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა). აღსანიშნავია, რომ საბჭოს არ აქვს განსაზღვრული წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცედურები. შესაბამისად, NGO-ებისთვის ბუნდოვანია, რა პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩევა ის 3 კანდიდატი, რომელთაგან ერთი, შემდგომში პარლამენტს უნდა წარედგინოს. 

რაც შეეხება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნას, ამ საკითხზე პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

"გადაწყვეტილება არ ეფუძნება პოლიტიკურ კონსენსუსს და ეს პროცესი არ არის დაცული ერთპარტიული გავლენებისგან. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ისიც, რომ გენერალური პროკურორის შერჩევა-დანიშვნის პროცესები წინა შემთხვევებშიც აჩენდა პოლიტიკური გავლენების ნიშნებს და სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერც ერთ ჯერზე ვერ შეძლო მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა და პროფესიული რეპუტაციის მქონე პირის განმწესება აღნიშნულ თანამდებობაზე. 

გენერალური პროკურატურა ქვეყნის მართლმსაჯულების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს წარმოადგენს და აუცილებელია, მისი ხელმძღვანელი მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და პროფესიული რეპუტაციით იყოს აღჭურვილი. ეს კი მიუღწეველი დარჩება, თუკი შერჩევა-დანიშვნის პროცესი წარიმართება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების შესაბამისად" - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები