სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

GCAA ქართულ ავიაკომპანიებს: თავი შეიკავეთ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

როგორც სააგენტო წერს, ამ მოწოდებას ის ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით აკეთებს.

"საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოება.

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, მათ ხელში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია, თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ის (UIA) კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს", - წერია საქართველოს ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორდზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავს თავად ესროლეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა თქვა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის ავანტიურიზმით გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია.

თვითმფრინავის ჩამოგდებას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, ირანის მხრიდან ამერიკულ სამხედრო ბაზაზე საჰაერო დარტყმა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რამდენიმედღიანი დაძაბულობა.

კომენტარები