თვითმფრინავის ჩამოგდება

ტრუდო ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე: არ გავჩერდებით, სანამ პასუხებს არ მივიღებთ

ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად გამართულ ცერემონიაზე თქვა, რომ კანადა სამართლიანობისათვის იბრძოლებს.

თვითმფრინავის ჩამოგდებას 57 კანადელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრუდომ პირობა დადო, რომ ირანს ამისათვის პასუხს მოსთხოვენ.

"ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვთ ამ ძალიან რთულ პერიოდში. ჩვენ სამართლიანობისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯისათვის ვიბრძოლებთ. არ გავჩერდებით, სანამ პასუხებს არ მივიღებთ." თქვა მან.

11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს. 4 დღის განმავლობაში ქვეყანა უარს ამბობდა, უკრაინისთვის ე.წ შავი ყუთის გადაცემაზე. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო.

11 იანვარს თეირანში თვითმფრინავის ჩამოგდებისას გარდაცვლილი 176 ადამიანისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები უნივერსიტეტების სტუდენტები იყვნენ. ისინი თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ. ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან, სადაც ადრე თეირანში აშშ-ის საელჩო მდებარეობდა, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მოგვიანებით სოლიდარობის აქცია პროტესტად იქცა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, წინააღმდეგ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის შეძახილები "სიკვდილი დიქტატორს" და "ხამენეი, გრცხვენოდეს, დატოვე ქვეყანა".

აქცია ირანის სამართალდამცავმა ორგანოებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს და ათობით მონაწილე დააკავეს.

კომენტარები