ირანი

ირანში უშიშროების ძალებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს [ვიდეოები]

გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ირანის ქუჩებში შეკრებილ მომიტინგეებს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. ირანის პოლიცია ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს უარყოფს.

ვიდეოებში ისმის სროლის ხმა და ჩანს, როგორ გარბიან მომიტინგეები თეირანის აზადის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე ჩანს სისხლის კვალი მიწაზე, დაჭრილები და უშიშროების ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ. გარდა ამისა, ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს როგორ ურტყამენ პოლიციელები მომიტინგეებს ხელკეტებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა არ გამოიყენონ ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ:

"ირანის ლიდერებს - არ მოკლათ თქვენი პროტესტის მონაწილეები. ათასობით უკვე მოკალით ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გიყურებთ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ გიყურებთ. ჩართეთ ინტერნეტი და რეპორტიორებს თავისუფლად გადმოცემის საშუალება მიეცით! შეწყვიტეთ დიდებული ირანელი ხალხის მკვლელობა!" დაწერა მან.

11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს. 4 დღის განმავლობაში ქვეყანა უარს ამბობდა, უკრაინისთვის ე.წ შავი ყუთის გადაცემაზე. 

11 იანვარს თეირანში თვითმფრინავის ჩამოგდებისას გარდაცვლილი 176 ადამიანისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები უნივერსიტეტების სტუდენტები იყვნენ. ისინი თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ. ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან, სადაც ადრე თეირანში აშშ-ის საელჩო მდებარეობდა, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მოგვიანებით სოლიდარობის აქცია პროტესტად იქცა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, წინააღმდეგ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის შეძახილები "სიკვდილი დიქტატორს" და "ხამენეი, გრცხვენოდეს, დატოვე ქვეყანა".

აქცია ირანის სამართალდამცავმა ორგანოებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს და ათობით მონაწილე დააკავეს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ელჩი ირანში რობ მაქეირი. მას თავისუფლება ერთი საათის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ირანში ნავთობის ფასის გაზრდის და რაციონების დაწესების გამო გამართულ საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ირანის მთავრობის თქმით დააკავეს აქციების 100-მდე ლიდერი. აქციები 93 ქალაქში გაიმართა. ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა სრულად გაწყვიტეს. ისპაჰანსა და თეირანში შეჩერდა მეტროს მუშაობაც. ამ დრომდე ირანის მთავრობა მხოლოდ 12 ადამიანის დაღუპვას აღიარებს, თუმცა Amnesty International-ის მიხედვით ეს რიცხვი ბევრად მაღალია.

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები 2017 წლის ბოლოს ეკონომიკური სტაგნაციის, ცხოვრების პირობების გაუარესების და რეგიონში ირანის პოლიტიკის გასაპროტესტებლადაც გაიმართა. პროტესტი 80 ქალაქს მოედო. ოფიციალური პირების ინფორმაციით მაშინ პროსტესტის განმავლობაში სულ 22 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები