თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილი: სანამ პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ჩემი ბრძოლა გაგრძელდება

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სანამ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ის ბრძოლას არ შეწყვეტს. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა 1 ოქტომბერს დაიწყო, ხელისუფლებას გაამტყუნებს. 

"პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნას ეს ხელისუფლებისთვის მეხის დაცემა იქნება. ეს მე ვიცი, იმიტომ რომ სტრასბურგი სახელმწიფოს გაამტყუნებს, მაგრამ ჩემი ბრძოლა და ჩემი მიზანი ის არის, რომ კომისია შეიქმნას და დაიკითხოს ყველა ის ადამიანი ვისზეც მე ეჭვი მაქვს. გამოძიება სალოსის ქუჩიდან უნდა დაიწყოს და ჩემს ოჯახამდე მივიდეს. ეს ხალხმა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქვეყნის გარეთაც კი. მე ამიტომ ვითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას"- ამბობს მაჩალიკაშვილი ტვ.პირველის ეთერში. 

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობის მსგავსად, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა მოითხოვონ საგამოძიებო კომისიის შექმნა და ხელისუფლებაში "თუ ვინმეს დარჩენია ღირსება, გამოვიდეს ქართული ოცნებიდანაც, გვერდში დაუდგენენ და ამაში მონაწილეობა მიიღონ".

"იმ პროტესტს ორმაგად, სამმაგად გაძლიერებულს მიიღებენ. სანამ არ შეიქმნება პარლამენტში საგამოძიებო კომისია ჩემი ბრძოლა გაგრძელდება. გაგრძელდება ბანერით, გაგრძელდება კარვებით, გაგრძელდება ყველა ჩემი ძალისხმევით"- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

დღესვე მაჩალიკაშვილმა ორგანიზაცია EMC-ისთან ერთად პრესკონფერეცნია ჩაატარა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე ისაუბრა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია და ამას სპეცრაზმელების ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებებიც ადასტურებს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელყუმბარა მისი შვილის მკვლელობის ადგილას შეცდომის დასაფარად მიიტანეს.

EMC-ის მასალის გაცნობის საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც საქმეზე "მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ" ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა.

EMC ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას და მთავარი შეუსაბამობები თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები