20 ივნისის გამოძიება

ვოლსკი: სააკაშვილმა 20 ივნისზე პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ოპოზიცია 20 ივნისს ხელისუფლების დამხობას აპირებდა.

ასე ეხმაურება ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას მთავარი არხის ეთერში, სადაც ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ 20-21 ივნისს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი წკიპზე იყო, "ცოტაც და, დაემხობოდა". თუმცა, სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ იყო შეთქმულება და ივანიშვილი "თავის თავს თვითონ ამხობდა".

"გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულებებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა, პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყო ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას", - თქვა ვოლსკიმ.

ქართული ოცნების დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ნათელს ხდის იმ მიზეზებს, რატომაც გაუჩნდა კითხვები გამოძიებას 20 ივნისის მოვლენებთან მისი კავშირის შესახებ.

"ქართულ საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები საქართველოში ვითარების დაძაბვისა და რევოლუციური სცენარის განვითარების თაობაზე. თუმცა მისი გუშინდელი განცხადება არაორაზროვნად უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის იმ მიზეზს, თუ რატომ გაუხდა კითხვები გამოძიებას 20 ივნისის მოვლენებთან მისი პირდაპირი უშუალო კავშირის შესახებ", - თქვა დეპუტატმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის არამხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, არამედ "ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას, კოორდინირებული მოქმედებებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელი".

ვოლსკი ირწმუნება, რომ ​ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად "ქართული ოცნების სტრატეგია იქნება განუხრელი და აღიკვეთება ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა".

"დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს საზოგადოება ნათლად ხედავს კონტრასტს ქართული ოცნებისა და ნაცმოძრაობის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკას შორის და დარწმუნებული ვართ, რომ სწორად შეაფასებს არსებულ ვითარებას და მიმდინარე პროცესებს", - დასძინა მან.

გუშინ, 12 იანვარს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში თქვა:

"წკიპზე იყოივანიშვილი 20 ივნისს, ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მაშინ ჩემი აზრით მომენტი გაშვებულ იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვიღაცას შეთქმულება ჰქონდა, თავის თავს ამხობდა თვითონ სხვათაშორის. თავისი თავხედობით მოახდინა ხალხის რეაქციის პროვოცირება".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ამ განცხადებას 20 ივნისის გამოძიების ფარგლებში შეისწავლიან.

20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 260-ზე მეტი ადამიანი. პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავსა და მხოლოდ 4 მოქალაქეს მიანიჭა. 

ამ საქმეზე სულ სამ სამართალდამცველს წაუყენეს ბრალი და მათგან არცერთი არ არის დაკავებული. ეს მაშინ, როდესაც ამავე საქმეზე აქციის 19 მონაწილეს აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს. მათი ნაწილი დღემდე პატიმრობაში რჩება. 

კომენტარები