ბლოგპოსტი

რატომ აიხირა პატრიარქმა მეორედ მოსვლა?

ბლოგპოსტი

რატომ აიხირა პატრიარქმა მეორედ მოსვლა?

კათალიკოზი ილია ტრიუმფალისტია. 

ტრიუმფალისტია ყველაფრით და ყოველმხრივ. 

ვინც მას იცნობს ან აკვირდება, ადვილად შეამჩნევდა, რომ მოქმედი საჭეთმპყრობელი, შუა საუკუნეების წესრიგით მოქმედი საეკლესიო ინსტიტუტისთვისაც კი, პათოლოგიურად დამოკიდებულია განდიდებაზე.

მას უყვარს საკუთარი თავის განვრცობა ყველგან და ყველაფერში, რაც ხელს მისცემს ბრწყინვალე მიტრას კიდევ ერთი მარგალიტი შეჰმატოს.

ყველგან, სადაც შესაძლებელია, კიდევ ერთხელ, კიდევ მრავალჯერ, უკვე მეათიათასედ, ხმაჩაკვნესით ამოიძახოს დაჩიავებულმა ქართველმა: "რა ბრძენია, ჩვენი უწმიდესი!"

ის დიდებული მესაქონლეა, პოლიტოლოგადაც ვარგა, ფილოსოფოსადაც, ფსიქოლოგადაც, მედიცინაშიც ერკვევა, კულტუროლოგიაშიც, ენათმეცნიერებაშიც, გენეტიკაშიც - ყველაფერში.

მუსიკოსიც კარგია და ფერმწერიც. ყველაფერს, რასაც ეხება, ოქროდ გარდაქმნის.

ის ტრიუმფის პატრიარქია.

უყვარს ლათინური ციტატები, უყვარს საკუთარი თავის მზესთან შედარება, უყვარს, როცა ტაძარში შესვლისას ასკაციანი გუნდი ქართველი ერის ჯვარისმტვირთველად და ღვთის გარდმომავალ ნათლად უხმობს. 

რასაც გასცემს, ასმაგად იბრუნებს. მას შეუძლია გაშმაგებული თვითტკბობით წარმოთქვას - "თქვენო აღმატებულებავ!" - არა იმიტომ, რომ ადრესატს მართლაც მიიჩნევს რითიმე აღმატებულად, არამედ იმიტომ, რომ ტანით გრძნობს, როგორ აღემატება ტიტულმიმცემი ტიტულმოსილს. 

ყველა მისი წამოწყება პომპეზურია.

მან მოიგონა საკუთარი ბიოგრაფია.

მან მოიგონა საკუთარი წინაპრების ბიოგრაფია. 

ამ სნობიზმით მიიკვლევდა არაფრით გამორჩეული საბჭოთა კარიერისტი გზას საპატრიარქო ტახტისკენ, მან "სუდარაგადაფარებული ეკლესია" ჩაიბარა და აქედან "ქართველი ერის ავტოპორტრეტი" შექმნა. ის ყველაფერზე მაღლა დგას და ყველაფერი ეკუთვნის.

სწორედ ამ მიზეზით, სწორედ ამ თვითგანდიდებითა და პატივმოყვარეობით, მან იპოვნა საუკეთესო შინაარსი თვითმისტიფიკაციისთვის.

იპოვნა და მიზანში ამოიღო მთავარი ტრიუმფალისტური შინაარსი - აპოკალიფსი.

აქაც მოუნდა. ისტორიის აღსასრულში, ესქატოლოგიურ ქორწილში გათამადება.

მამამისის სიზმრის საფუძველზე, მეორედ მოსვლის ნიში ააგო.

ამავე სიზმარში, მას ხალხის მოქცევა დაევალა.

წიგნებს გამოსცემდნენ, ფილმებს იღებდნენ და სიუჟეტებს ამზადებდნენ, რომ ის ბოლო ჟამის პატრიარქია.

მის შემდეგ აღარავინაა. ქვა ქვაზე აღარაა.

ის არის ბოლო სიტყვა.

აქაც გახელდა და ათწლეულებია ყველას შეგვახსენებს, რომ თავად არის ტრიუმფი - დროს ვერ დათქვამს, მაგრამ შესაძლოა ხვალ-ზეგ, ის წავიდეს - ხოლო ქვეყნიერებისგან აღარაფერი დარჩეს.

მოვასწროთ, მოვასწროთ პატრიარქის განდიდება!

უნდა შეგვეშინდეს მისი კრიტიკის, რადგან ის არის კიდეც ქართველი ერის ერთადერთი ბილეთი სასუფეველში.

კათალიკოზი ტრიუმფალისტია. 

იმავდროულად კი, მავნებელი.

შესაძლოა, მას მერე, რაც მედია კრიტიკის მიმართ გაიხსნა - კათალიკოზის გრანდიოზული ამპარტავნება ნაკლებ ეფექტიანი იყოს, მაგრამ ადამიანთა არც თუ მცირე ჯგუფში აპოკალიფტური პანიკის გამოწვევა კვლავ შეუძლია.

პანიკა, რომელშიც ის ათწლეულებია აცხოვრეს მორწმუნეებს. პანიკა, რომლის იქითაც მას აღარაფრის შემოთავაზება შეუძლია. 

სწორედ ამიტომ, ეკლესია კროსვორდის უკან დაბეჭდილ ჰოროსკოპთან აგებს.

მას აღარ აქვს შინაარსი, უშინაარსოა. 

უშინაარსოა თანამედროვე სამყაროსთვის.

ძველისთვისაც უშინაარსოა.

არ შეიძლება ეს იყოს ქრისტიანული შინაარსი.

არც იქნება.

კომენტარები