შეიარაღებული თავდასხმა

პირი, რომელმაც კლუბ ბასიანთან 3 ადამიანი დაჭრა 2012 წლის ამნისტიით გათავისუფლდა

პირი, რომელმაც მიმდინარე წლის 12 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, კლუბ ბასიანთან სამი ადამიანი დაჭრა წარსულში ნასამართლევია. როგორც ცნობილია, ბიძინა ჩაჩხიანმა საპატიმრო 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას სასჯელაღსრულების ბიუროდან მიაწოდეს. 

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ჩაჩხიანი 2010 წლის 28 დეკემბერს დაკავეს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელად 8 წელი განისაზღვრა, საიდანაც 4 წელი აღკვეთის, ხოლო 4 წელი პირობით სასჯელს გულისხმობდა. ორი წლის შემდეგ 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიის შესახებ კანონით ჩაჩხიანს სასჯელი გაუნახევრდა და 2013 წლის 11 თებერვალს გათავისუფლდა. 

ამნისტიის გარდა ჩაჩხიანს მიხეილ სააკაშვილის 2013 წლის განკარგულებაც შეეხო, რომლის მეშვეობითაც იგი პირობითი სასჯელის მოხდისგანაც გათავისუფლდა. ამ აქტის ფარგლებში ჩაჩხიანს ნასამართლეობაც მოეხსნა. 

ბიძინა ჩაჩხიანი კლუბ ბასიანთან მომხდარი თავდასხმის ფაქტზე 12 იანვარს დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები