იაკუტიელი შამანი

იაკუტიელი შამანი პუტინის განსადევნად მსვლელობას მესამედ იწყებს

იაკუტიელი შამანი, ალექსანდრ გაბიშევი ვლადიმირ პუტინის განსადევნად მსვლელობას მესამედ იწყებს. გაბიშევი უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობს, მშვიდობიანი მსვლელობით მოსკოვამდე ჩააღწიოს, თუმცა წინა ორ შემთხვევაში იგი ექსტრემიზმის ბრალდებით დააპატიმრეს. 

"მთელი დანაყოფი წავალთ ერთად, სასამართლოსა და ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მე მხოლოდ ღმერთის კანონს ვემორჩილები. ჩემი რაზმი ივლის მშვიდობიანი გზით, ისევე, როგორც მთელი რუსეთი. ჩვენ მივდივართ ცვლილებისთვის, რომ დემონი მშვიდობიანი მეთოდებით განვდევნოთ", — განაცხადა გაბიშევმა მის მიერვე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

პუტინის განსადევნად იაკუტიელმა შამანმა მსვლელობა გასული წლის ზაფხულში წამოიწყო. მალევე იგი ირკუტსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ექსტრემიზმის ბრალდებით დააპატიმრეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს და გარკვეული პერიოდი გაბიშევმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა. 

სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსულმა გაბიშევმა, მალევე მსვლელობის განახლება გადაწყვიტა. უკვე მეორე მსვლელობაზე გაბიშევი და მისი თანხმლები პირი იაკუტსკში დააკავეს. ამჯერად სასამართლომ გაბიშევი არაქმედითუნარიანად ცნო. 

გაბიშევის თქმით, რიგით უკვე მესამე მსვლელობას იგი 2020 წლის მარტში შეუდგება.

კომენტარები