ანაკლიის პორტი

ხაზარაძე: სახელმწიფო 500 მილიონით აფინანსებს ქვეშეთი-კობის გზას, რაც რუსეთის ინტერესში შედის

0 კომენტარი
ფოტო: პრაიმტაიმი

"ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ბრიფინგი საქალაქო სასამართლოს წინ გამართა და ანაკლიის პორტზე და ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტზე ისაუბრა. 

როგორც წინა სხდომის დაწყებამდე ხაზარაძემ თქვა, იმის გამო, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის პროცესები თითქმის ყოველ მეორე დღეს არის ჩანიშნული, პრეზენტაციებს და ხედვებს მოსახლეობას სასამართლოს ეზოდან გააცნობენ. 

ხაზარაძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაჩერდა, რომ სახელმწიფომ 50 მილიონის გარანტია არ გასცა, მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმს 4 ბანკთან ჰქონდა ხელი მოწერილი 400 მილიონ დოლარზე და მხოლოდ სახელმწიფოს გარანტია იყო საჭირო. 

"ეს იყო ბანკების მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს მიეღო რამენაირი მონაწილეობა რისკებში. მოგეხსენებათ, რომ 4 კილომეტრში ანაკლიიდან არის ე.წ საოკუპაციო ზოლი და შესაბამისად, ტვირთბრუნვის დაზღვევის თვალსაზრისით, ბანკებმა მოითხოვეს 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც ალბათ არასდროს დაჭირდებოდა რომ გამოეყენებინა, იმიტომ რომ 40 პროცენტიანი ზრდა იქნებოდა კონტეინერების, საქართველოს გავლით. მაგრამ რომც გამოყენებულიყო ის გარდაიქმნებოდა სესხად და ამ სესხს მოემსახურებოდა კომპანია," - ამბობს ხაზარაძე. 

ხაზარაძის თქმითვე ის მსჯელობა, რომ თითქოს გადასახადთა გადამხდელის ფულით შენდებოდა კერძო ბიზნესი, არის აბსოლუტურად ტყუილი.

"შედის თუ არა რუსეთის ინტერესში ანაკლიის პროექტი. რუსეთის ინტერესში იგი არ შედის. რამდენ სამუშაო ადგილს შექმნიდა ანაკლია და ქალაქი ანაკლია მის უკან.  პირველ ათ წელიწადში შექმნიდა 35 ათას სამუშაო ადგილს. ინვესტიცია, 50 მილიონის გარანტიით,  650 მილიონი დოლარი შემოვიდოდა და უკვე დღეს მშენებლობის პროცესში უნდა ვყოფილიყავით," - ამბობს ხაზარაძე.

ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტი ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტს შეადარა და თქვა, რომ სახელმწიფო ნახევარ მილიარდ ლარს იღებს ვალს, რომ დააფინანსოს ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის, ხოლო ანაკლიისთვის 50 მილიონი გარანტია არ გასცა.  

ხაზარაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ. მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკა, რომ განხორციელდეს პროექტი, რომელიც არც სამუშაო ადგილს ქმნის, არც ეკონომიკურ აღმავლობას უწყობს ხელს, უბრალოდ არის ჩრდილოელი მეზობლის ინტერესი.

"ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტით და მოზიდული ვალით, ნახევარ მილიარდ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას რუსეთს, იმ ქვეყანას, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. რა ეკონომიკური სარგებელი აქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის? 600 კაცი დასაქმდება მშენებლობებზე ორი თვის განმავლობაში და ექსპორტის მიმართულება იქნება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. კომფორტს ვქმნით რუსეთისთვის. მე არცერთი გზის წინააღმდეგი არ ვარ, არანაირი მშნეებლობის, მაგრამ წინააღმდეგი ვარ როცა ქვეყანა იცვლის პრიორიტეტს," - თქვა ხაზარაძემ.  

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულებსი შემდეგ ისაუბრა. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები