მგზავრთნაკადი

2019 წელს საქართველოს აეროპორტებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 3.5%-ით გაიზარდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
TAV GEORGIA

2019 წელს საქართველოს აეროპორტების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 3.5%-ით გაიზარდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 209 505 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 3,5%-ით (176 182 მგზავრით) მეტია, 2017 წელთან შედარებით კი 27,63%-ით (1 127 787 მგზავრით) მეტი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წელს 3 692 175 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წლეთან შედარებით, რაც 3.06%-ით (116 444 მგზავრით) ნაკლებია.

ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ მგზავრთნაკადის კლება 8 ივლისიდან საქართველოს და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტით იყო განპირობებული.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41,51%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 873 616 მგზავრი, რაც 2018 წელთან შედარებით 256 243 მგზავრით მეტია.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 624 151 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 4,22%-ით მეტია.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია გასული წლის დაჯამებული მონაცემებით 8 625 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 25,77%-ით, ანუ 1 767 მგზავრით მეტია.

ამბროლაურის აეროპორტმა 2019 წელს 1 966 მგზავრი მიიღო, რაც 2018 წელთან შედრებით 24%-ით, 384 მგზავრით მეტია.

2019 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 24 447 რეისი განხორციელდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რეისების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, 0,65%-ით, 159 რეისით იკლო.

უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. 2019 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 24 911,336 ტონა შეადგინა, რაც 543,49 ტონით, 2,14%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) სტატისტიკური მონაცემებით მიხედვით, საქართველოში მომფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადები 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 1,9%-ით შემცირდა, გამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადები 1,7%-ით შემცირდა, ხოლო შიდა ფრენები 12,3%-ით გაიზარდა.

12,7%-იანი კლება იყო გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების კუთხით, რაც პაკისტანის საჰაერო სივრცის რამდენიმეთვიანი დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საჰაერო სივრცის გვერდის ავლით იყო განპირობებული.

კომენტარები