c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

პაატა იმნაძე: C ჰეპატიტის პროგრამის გაგრძელებას საფრთხე არ ემუქრება

მედია ცენტრი მთავარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის გაგრძელებას საფრთხე არ ემუქრება.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, კომპანიას, რომელიც საქართველოს მედიკამენტებს უფასოდ აწვდის, წამლების გაფუჭებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

"პროგრამის გაგრძელებას არავითარი საფრთხე არ ექნება. კომპანია "გილიადს", რომელიც უფასოდ გვაწვდიდა, არ შექმნია არავითარი პრობლემა ამასთან დაკავშირებით.​ "გილიადს" უნდა შექმნოდა რაღაც უკმაყოფილება, რომ მის პრეპარატს ვადა გაუვიდა. იმას არ აწუხებს და რატომ აწუხებს სხვას არ ვიცი", - აღნიშნა იმნაძემ მედია ცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 16 ათას ადამიანს აქვს C ჰეპატიტი და მედიკამენტები, რომლებსაც უკვე ვადა გაუვიდა, სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი.

პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ საუბარია მედიკამენტის 2000 დოზაზე. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს რამდენჯერმე დაუკავშირდნენ და პროგრამაში ჩართვა სთხოვეს, ისინი არ მივიდნენ.

"ეს წამლები ამ ხალს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ხალხი რომ მისულიყო და წამალი არ ყოფილიყო. ადრე [პროგრამაში არ ჩართვის] ერთ-ერთ მიზეზად ასახელებდნენ დამატებით კვლევებზე თანხას, რომელიც უვე მოიხსნა, მაგრამ მაინც არ მიდიან. აქ ძირითადად არის ის, რომ C ჰეპატიტი არის დაავადება, რომელიც ჩუმი მკვლელია. მთელი ცხოვრება შეიძლება გქონდეს და არ შეგაწუხოს. ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცით, თუ არაფერი მაწუხებს, რატომ წავიდე და ვიმკურნალო, მეტყვიან არ დალიო... მათ ეკუთვნით ეს მკურნალობა, მაგრამ ძალად ვერ ვუმკურნალებთ", - ამბობს იმნაძე.

2018 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ 560 645 038 ლარი C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ამის ძირითად მიზეზად კი პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მარაგში ყოველთვის უნდა ჰქონდეთ მედიკამენტები და უმჯობესია ის მორჩეს, ვიდრე დააკლდეთ.

საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ეს ვირუსი მოსახლეობის 7.7%-ს აქვს. სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია Gilead-ის მხარდაჭერით.

კომენტარები