შეიარაღებული თავდასხმა

პროკურორი: სანადირო იარაღის ტარება, რომლითაც ბასიანთან გაისროლეს, სსკ წესით დასჯადი არაა

პროკურორის, ლაშა გამყრელიძის თქმით, 12 იანვარს ბიძინა ჩაჩხიანმა კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე ორლულიანი სანადირო თოფით გაისროლა, რაც, მისი თქმით, იარაღის სისხლის სამართლის კანონით დასჯად კატეგორიას არ მიეკუთვნება. 

"იარაღი, რომლითაც ბრალდებულმა განახორციელა 15-მდე გასროლა კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე, არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, რაც დასჯადი არის სისხლის სამართლის კანონით. იარაღი, რომლითაც მან გასროლა განახორციელა, წარმოადგენს სანადირო გლუვლულიან თოფს",-თქვა ლაშა გამყრელიძემ. 

თავდაპირველად, გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო, თუმცა მეორე მუხლი შეიცვალა და გამოძიება ახლა ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

დღეს 39 წლის ბიძინა ჩაჩხიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.  

დაკავებულმა 12 იანვარს კლუბ ბასიანის შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. 

ჩაჩხიანი 12 იანვარს დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა. 

ბიძინა ჩაჩხიანი წარსულშიც არის ნასამართლევი. ის საპატიმროდან 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

კომენტარები