სოფელი ჩორჩანა

სუს: საოკუპაციო ძალებმა სოფელ ჩორჩანასთან ინსტალაციები უკანონოდ აღმართეს

COMINF

ხაშურის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

სუს-ი აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ამ ქმედებას ე.წ ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილავს.

"ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

___________________________________________________________________________________

ქართულმა მხარემ ჩორჩანასთან საგუშაგო ბლოკ-პოსტის მშენებლობა 30 აგვისტოს დასრულდა. იმავე დღეს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშალა.

საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა სწორედ საგუშაგოს დაშლა იყო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას.

5 სექტემბერს ოკუპირებულმა რეჟიმმა "სამხრეთ ოსეთის" დროშა 944 მეტრის სიმაღლეზე აღმართა.

11 სექტემბერს საოკუპაციო ძალებმა ოფელ ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად საგუშაგოები ააგეს, ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში მანამდეც იყო განთავსებული საოკუპაციო ძალების საგუშაგო. ამ ქმედებებით მათ 3 ქართული საგუშაგო მოაქციეს ალყაში.

კომენტარები