20 ივნისის გამოძიება

თეა წულუკიანი: მშვიდობა და ადამიანის უფლებები არასდროს ყოფილა სააკაშვილის ღირებულება

მშვიდობა არასდროს ყოფილა სააკაშვილის ღირებულება - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მთავარი არხის ეთერში, სადაც ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ 20-21 ივნისს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი წკიპზე იყო, "ცოტაც და, დაემხობოდა". თუმცა, სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ იყო შეთქმულება და ივანიშვილი "თავის თავს თვითონ ამხობდა". 

წულუკიანის თქმით, სააკაშვილი კრიმინალი და "იმ ბედის ადამიანია", რომელსაც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების ეშინია. 

"ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მისი განცხადებებით გამოძიება რაკი დაინტერესდა, ჩვენ მასზე და მის პიროვნებაზე აღარ უნდა დავკარგოთ კომენტარისთვის დრო"- ამბობს წულუკიანი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის. შსს-ს აზრით, ყოფილი პრეზიდენტის მთავარი არხის ეთერში ნათქვამი ფრაზა საკმარის საფუძველს იძლევა ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა "სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა". სააკაშვილის განცხადებას შსს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში შეისწავლის.

კომენტარები