შეიარაღებული თავდასხმა

ევ. საქართველო BASSIANI-თან სროლაზე: გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა დაწყებულიყო

ტაბულა

ევროპული საქართველო გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, კლუბ ბასიანთან სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიციროს და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაც გაგრძელდეს. 

ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა, ოთარ კახიძემ და გიგა ბოკერიამ, ბრიფინგზე ისაუბრეს. 

ოთარ კახიძე ამბობს, რომ გამოძიების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაწყება გენერალური პროკურატურის მხრიდან საზოგადოებისადმი გზავნილია, რომ ამ ტიპის "უმძიმესი დანაშაულების მიმართ პოლიტიკა ლოიალურია", რაც კახიძის თქმით, მიუღებელი და დაუშვებელია. 

"ყოველი ასეთი ქმედება, როდესაც გენერალური პროკურატურის დამოკიდებულება მძიმე დანაშაულის მიმართ არის შემწყნარებლური, კიდევ უფრო ზრდის მსგავსი დანაშაულების ჩადენის რისკს და კიდევ უფრო დაუცველად ამყოფებს ჩვენს საზოგადოებას,"- ამბობს კახიძე. 

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ საუბარი იმაზე არაა, სროლის შედეგად რა განაჩენი შეიძლებოდა დამდგარიყო, საუბარია იმაზე, რა გზავნილი აქვს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ასეთი ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით. 

"ადამიანმა უამრავი იქ მყოფი პირის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო და როგორც ჩვენ ვიცით მოწმეების ჩვენებებიდან, მოტივიც ჩანდა - უნდა დაგხოცოთ ყველაო, იძახდა. ასეთ ვითარებაში ამ ტიპის დამოკიდებულება, რომ საწყის წერტილად იღებ ლამის ხულიგნობის მუხლს და სხეულის მძიმე დაზიანებას, ეს არის ნაწილი იმ სულისკვეთების, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ასეთი ტიპის ადამიანები არჩევნებზე ქართული ოცნების ძირითადი საყრდენია და ეს დიდი ფაქტორია პროკურატურის მოტივაციაში.

"ადამიანი, რომელიც ამბობს, დაგხოცავთ სულ ყველასო და 15-ჯერ გაისვრის, ეს არ არის მკვლელობის მცდელობა იმიტომ, რომ არავინ გარდაიცვალა? რომ გარდაცვლილიყო, მკვლელობა იქნებოდა. მცდელობა როგორ არ არის?" - ამბობს ბოკერია. 

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანს, რომელმაც 12 იანვარს კლუბ ბასიანის შესასვლელთან სანადირო იარაღით 15-ჯერ გაისროლა და 3 ადამიანი დაჭრა, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ჩაჩხიანის პირადი ჩხრეკის დროს ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 დანა და 23 ვაზნა ამოიღეს. 

ბიძინა ჩაჩხიანი წარსულშიც არის ნასამართლევი. ის საპატიმროდან 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

კომენტარები