თეირნაში ჩამოგდებული თვითმფირნავი

ირანი: თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილე პირები დავაკავეთ

ირანის სასამართლოს სპიკერმა გოლამჰოსეინ ესმაილმა თქვა, რომ პირები, ვისაც ბრალად ედებათ თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობა, უკვე დაკავებულები არიან. ირანში დაკავებულთა რიცხვს, ჯერჯერობით, არ ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დღეს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირის სამხედრო ძალების მხრიდან მათი შეცდომის აღიარება პირველი დადებითი ნაბიჯია. მან ასევე აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან და მთავრობა ანგარიშვალდებული იქნება ირანელებისა და იმ ქვეყნების წინაშე, რომლებმაც მოქალაქეები დაკარგეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ 16 იანვარს ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც თვითმფრინავის ჩამოგდებას ემსხვერპლა, ერთმანეთს შეხვდებოდნენ.

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად გამართულ ცერემონიაზე თქვა, რომ კანადა სამართლიანობისათვის იბრძოლებს.

11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს. 4 დღის განმავლობაში ქვეყანა უარს ამბობდა, უკრაინისთვის ე.წ შავი ყუთის გადაცემაზე. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო.

11 იანვრიდან ირანში აქციები იმართება, სადაც ირანის მიერ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან ერთად ხამენეის რეჟიმსაც აპროტესტებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში აქციიდან ისმის შეძახილები "სიკვდილი დიქტატორს" და "ხამენეი, გრცხვენოდეს, დატოვე ქვეყანა".

11 იანვარს აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს, ათობით ადამიანი დააკავეს მათ შორის დიდი ბრიტანეთის ელჩი ირანში რობ მაქეირი. მას თავისუფლება ერთი საათის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული.

გუშინ გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ირანის ქუჩებში შეკრებილ მომიტინგეებს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. ჩანს სისხლის კვალი მიწაზე, დაჭრილები და უშიშროების ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ.

კომენტარები