ანაკლიის პორტი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენა შეუძლებელია

საქართველოს მთავრობა

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონსორციუმთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულება გულისხმობს 60 დღიან მოლაპარაკებებს, რაც საარბიტრაჟო პროცედურებს უნდა შეეხოს და შესაბამისად, კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენა გამორიცხულია.

"საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად ითვალისწინებს 60 დღიან წინა საარბიტრაჟო ვადას, მაგრამ ეს ვადა უნდა გამოიყენოს იმ მხარემ, რომელიც გეგმავს საარბიტრაჟო დავის წამოწყებას და მხოლოდ წინა საარბიტრაჟო პროცედურებზე მოლაპარაკებას საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების მიზნით.

მხარეთა შორის 60 დღიან პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია." - წერია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულებსი შემდეგ ისაუბრა. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები